12 სექტემბერს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესმა მთავარსარდალმა (SACEUR), გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ორი დღით ადრე რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე ალიანსის რეაგირების შესახებ ისაუბრეს. რუტემ „აღმოსავლეთის გუშაგის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა - სამხედრო აქტივობის, რომელიც მიზნად ისახავს NATO-ს პოზიციების გაძლიერებას აღმოსავლეთ ფლანგზე.
ოპერაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და ის მოიცავს მოკავშირეთა აქტივების ფართო სპექტრს - როგორც ტრადიციულ შესაძლებლობებს, ასევე, ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის, ელემენტებს, რომლებიც შექმნილია დრონებთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად. „აღმოსავლეთის გუშაგი“ ჩვენს პოზიციას მოქნილობას და სიძლიერეს შეჰმატებს,“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
ოთხშაბათს (2025 წლის 10 სექტემბერი) ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა განიხილეს სიტუაცია პოლონეთის მიერ მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნის გათვალისწინებით. რუტემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევის ყველაზე დიდი კონცენტრაცია, „ოთხშაბათს მომხდარი არ იყო იზოლირებული ინციდენტი.
„რუსეთის უგუნური ქცევა აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, ჰაერში, უფრო ხშირი ხდება,“ - განაცხადა რუტემ. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის ძირითადი ამოცანა - აგრესიის შეკავება და თითოეული მოკავშირის დაცვა - ხაზს უსვამს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის მნიშვნელობას.
„სწორედ ამიტომ გვყავს რვა ქვეყანაში განლაგებული წინგადადგმული სახმელეთო ძალები, ყველა მოკავშირის წვლილით, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონტინგენტებს და გვაქვს გეგმები, რომ საჭიროების შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ყოფნა,“ - აღნიშნა რუტემ. მანვე დაამატა, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოკავშირეები ყოველდღიურად ერთად მუშაობენ ბალტიის ზღვაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად.